English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი
საქართველოს აგრარულ სექტორში მიმდინარე პროექტების ანალიზი

სტატიაში მოყვანილი და გაანალიზებულია ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საქართველოს აგრარულ სექტორში არსებულ ისეთ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა მცირე და საშუალო ფერმერების განწყობა ფერმერული გაერთიანებების, კოოპერატივების, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამებისა და განვითარების შესახებ. ნაშრომში ილუსტრირებულია, როგორ აღიქვამენ ფერმერები ზემოაღნიშნულ ინიციატივებს. ბოლოს შემოთავაზებულია ჩვენი აზრით, აუცილებელ ღონისძიებათ ნუსხა, რაც ხელს შეუწყობს აგრარული სექტორის სწრაფ განვითარებას, ფერმერთა ჩართულობის ამაღლებას და მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში მცხოვრებთა შემოსავლებს, შეამცირებს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვს და გამოათავისუფლებს საბიუჯეტო სახსრებს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის.

საკვანძო სიტყვები: ბიო-წარმოება, კოოპერატივი, აგრო-ექსპორტი, აგრარული სექტორი, ფერმერთა განწყობა.

კვლევის ამოცანები, მიმართულებები და მეთოდები

ექსპორტის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საყოველთაოდ ცნობილია და ამ ფონზე შემაშფოთებელია საერთაშორისო ვაჭრობაში საქართველოს მზარდი უარყოფითი სალდო. ეს მაშინ, როცა შედარებითი უპირატესობის მიხედვით, საქართველოს შეუძლია კონკურენტუნარიანი გახდეს აგროსასურსათო პროდუქტების წარმოების მიხედვით[1, გვ 6]. მაგრამ, დღეისათვის აგროსასურსათო სექტორში პროდუქტების უმეტესობა არაკონკურენტუნარიანია[2]  და   მწარმოებელთა 62%_ის აზრით, ამ სექტორში კონკურენციის გაწევა რთულია[3, გვ 103].  ამავე დროს, ევროპისა და აზიის ქვეყნებში საკმაოდ მაღალკონკურენტული სასურსათო  ბაზრები ფუნქციონირებს.  ამიტომ,  ნებისმიერი ქვეყნისთვის, ასევე მწარმოებლისთვის  მთავარი ამოცანაა ბაზრისათვის  კონკურენტუნარიანი პროდუქტის მიწოდება[4, გვ1].  წინა შრომებში შეთავაზებული მქონდა აგრარული სექტორის მოწყობის მოდელი [5,გვ.104], რაც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში მაღალხარისხიანი და ბიო პროდუქტების წარმოებას, რომელზეც ძალიან მაღალია მოთხოვნა ევროკავშირის ქვეყნებში. მაგრამ, რამდენადაც ყველაზე ეფექტიანი მოდელების განვითარებისთვისაც კი, აუცილებელია რომ არსებობდეს ძალა, რომელსაც სურს ამ გეგმაში მონაწილეობა და მისი განხორციელება, ჩვენ გადავწყვიტეთ მიმდინარე კვლევის ფარგლებში შეგვესწავლა ქართველი ფერმერების განწყობები და შეხედულებები აგრარული სფეროს პრობლემებზე, კოოპერაციასა და ექსპორტის შესაძლებლობებზე. ამასთან დაკავშირებით, ჩამოვაყალიბეთ შემდეგი ამოცანები:

1.     დარგის ძირითადი სამუშაო ძალის- სოფლად და რეგიონებში მცხოვრები გლეხებისა და ფერმერების განწყობების და შეხედულებების ანალიზი.  ამ კვლევამ მოგვცა ინფორმაცია რეგიონებში მოსახლეობის განწყობის შესახებ, უკვე განხორციელებულ პროექტებზე მათი შეხედულებების, ძლიერი და სუსტი მხარეების, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის სტიმულატორების და დამაბრკოლებელი ფაქტორების შესახებ. გარდა ამისა, ფოკუს-ჯგუფზე გამოვლინდა ახალი ტიპის სირთულეები და შესაძლებლობები;

2.   მთავრობის მიერ უახლოეს წარსულში განხორციელებული აგრარული პროექტების შედეგების გამოკვლევა, ძირითადი სირთულეებისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა. აღნიშნული საკითხის შესახებ, ფაქტობრივად, აქამდე არ განხორციელებულა ადეკვატური სამეცნიერო კვლევა. ამ კვლევის შედეგად მივიღეთ ძალიან ფასეული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად ეფექტიანად რეაგირებს საზოგადოება და ფერმერები მთავრობის ინიციატივებზე, პროექტების რომელი კომპონენტი იყო უფრო ეფექტიანად გამოყენებადი ქართულ რეალობაში.

3.   განვითარებულ ქვეყნებში აგრარული კლასტერების და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელების შესწავლა და მათი გამოცდილების მორგება ქართულ რეალობასთან.

საკითხის შესწავლისას გამოყენებულია მარკეტინგული და ემპირიული კვლევის მეთოდები:

  • რეგიონებში ფერმერების გამოკითხვისათვის გამოვიყენეთ რაოდენობრივი  კვლევის ინტერვიუირების მეთოდი. თითოეულ რეგიონში შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა 10-10 ფერმერი/გლეხი.
  • ჩატარდა 5 ჩაღრმავებული ინტერვიუ ფერმერთა გაერთიანებების წარმომადგენლებთან.
  • დავამუშავეთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არაერთი სტატია, ფერმერთა ბლოგები, ჯგუფური დისკუსიები და ა.შ.
  • ჩავატარეთ ფოკუს-ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა აგრო-პროდუქტის მწარმოებელი 80-მდე ბიო-ფერმერი. განვიხილეთ კონკრეტულად ამ მიმართულების ძლიერი და სუსტი მხარეები, ექსპორტის მიმართ დაინტერესება, სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობა და სხვა პრობლემური საკითხები.
  • შევისწავლეთ FAO-ს მიერ მხარდაჭერილი აგრარული კლასტერების მოქმედების პრინციპები. აგრეთვე აგრარული კლასტერების მოქმედების სფერო და არეალი ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ევროპის ერთიანი აგრარული პოლიტიკა და მისი შედეგები, წინააღმდეგობები და განვითარების ეტაპები;
  • გავაანალიზეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები; სტატისტიკური მასალები, ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული აგრარული პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული დასკვნები; კვლევის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე ვმონაწილეობდით საერთაშორისო სამეცნიერო ღოისძიებებში, სადაც განვიხილავდით უცხოელი ეკონომისტების ნაშრომებსა და ჩვენს შეხედულებებს კონკრეტულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით.
  • დავამუშავეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებ-გვერდები, ფბ პლატფორმები და youtube არხები, საინფორმაციო საშუალებები (როგორც ონლაინ, ასევე ტელევიზიით გასული სიუჟეტები)

სხვადასხვა ელექტრონული გამოცემების აგრარული თემატიკის ბლოგები და ა.შ.

         კვლევის ძირითადი შედეგები

გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია: დღესდღეობით აგრარულ სექტორში წვრილი და ნაწილობრივ საშუალო (დაახლოებით 5-10 კაცს ასაქმებენ სეზონურად) ფერმერები არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონში და მამა-პაპის მიწებს ამუშავებენ (46%) ან ცხოვრობენ დედაქალაქში და ცდილობენ რეგიონში ააწყონ აგრო-ბიზნესი(34%). მხოლოდ 15%-ია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ და დაქირავებულ მუშა-ხელს ან მიწას იყენებენ. მკვეთრად განსხვავდება ამ სეგმენტების მიდგომაც ისეთი ფუნდამენტური საკითხების მიმართ, როგორიცაა ახალი ცოდნის შეძენა, სახელმწიფოს დახმარება და ა.შ.

ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც მამაპაპისეულ მიწებს ამუშავებენ, არ ცდილობენ წარმოებული პროდუქციის ხარისხის ამაღლებას (უფრო ხშირად დაფიქსირდა პასუხი, „ესაა რის მოყვანასაც ვახერხებ“), არ არიან დაინტერესებული ექსპორტით ან მიაჩნიათ, რომ ეს ფუფუნებაა, რომელსაც „ვერ შესწვდებიან“, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი უნდათ, რომ ტურისტებს მიჰყიდონ თავიანთი საქონელი. ამბობენ, რომ იციან სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების და იაფი აგრო-კრედიტის შესახებ, თუმცა, უმეტესობას არ უსარგებლია. ამის მიუხედავად, კითხვაზე, „თქვენი აზრით, როგორ უნდა დაგეხმაროთ სახელმწიფო ისე, რომ თქვენი ფერმა წარმატებულ ბიზნესად იქცეს?“- გვპასუხობდნენ, რომ უნდა გაუწიონ სუბსიდირება, დაეხმაროს სახელმწიფო პროდუქციის ჩაბარებაში, შეზღუდოს ზოგიერთი პროდუქციის იმპორტი თურქეთიდან ან დაუწესოს გადასახადები ფასის გასათანაბრებლად და ა.შ.

აბსოლუტურად განსხვავებული სურათია იმ ადამიანების პასუხებში, რომლებიც თბილისიდან რეგიონებში ეწევიან აგრარულ ბიზნესს, რაც ალბათ ლოგიკურიცაა. ამ ადამიანებმა წინასწარი გათვლით და გაცნობიერებულად დაიწყეს აგრარული ბიზნესი და ცხადია, მეტად „კომერციული“ დამოკიდებულება აქვთ საქმის მიმართ.

კითხვაზე-„როგორ შეაფასებდით თქვენ მიერ წარმოებულ პროდუქციას“, პასუხები ასე გადანაწილდა(იხ. დიაგრამა 1):

 წარმოებული პროდუქციის ხარისხის შეფასება

დიაგრამა 1

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათმა უმეტესობამ ბიზნესი არც თუ დიდი ხნის წინ დაიწყო (იხ. დიაგრამა 2):

 აგრარული ბიზნესის  გამოცდილება

დიაგრამა 2

შესაბამისად, ბევრ მათგანს ჯერ მოგება არც კი მიუღია, მაგრამ მაინც თვლის, რომ წარმატებას მიაღწევს. თავისი საქმიანობა მათ თავად ასე შეაფასეს: გამოკითხულთა არც თუ მცირე ნაწილი-21% აწარმოებს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის, რამდენადაც მისთვის საჭირო, უსაფრთხო პროდუქტი უბრალოდ არაა ბაზარზე. დიდია იმ ადამიანთა რიცხვიც (27%), რომლებიც თვლიან, რმ აგრარული წარმოება იმდენად მცირე მოგებას უტოვებს, რომ არ აძლევს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას, ამიტომ აქვთ სხვა, დამატებითი შემოსავალიც. მხოლოდ 20%-მდეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც წარმატებული აგრო-ბიზნესი აქვთ და ამით იღებენ სტაბილურ, ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო შემოსავალს.

კიდევ ერთი ტენდენციაა ის, რომ თითქმის ყველა კითხვარში დაფიქსირდა რამდენიმე პასუხი კითხვაზე-„აგრარული სექტორის რომელ დარგში საქმიანობთ?“. როგორც ჩანს ადამიანები მინიმუმ 2-3 დარგის კომბინირებულად მოვლას ცდილობენ.

ჩვენთვის მოულოდნელი იყო კოოპერატივების შესახებ კითხვებზე მიღებული პასუხები: კითხვაზე, „ხართ თუ არა გაწევრებული კოოპერატივში?“, პასუხები ასე გადანაწილდა(იხ. დიაგრამა 3):

კოოპერატივების წევრობის შესახებ

დიაგრამა 3

მკვეთრად უარყოფითია იმ ადამიანების პოზიციაც, ვინც უკვე არიან კოოპერატივის წევრები.  ისინი აღნიშნავენ, რომ კოოპერატივში გაწევრიანებამ არ გაუადვილა რეალიზაციის პროცესი, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა მათთვის. დაახლოებით 10% თვლის, რომ მხოლოდ წარმოების პროცესი გააადვილა კოოპერატივმა. აბსოლუტური უმრავლესობა - 56% კი მიიჩნევს, რომ დიდი განსხვავება არაა და მათთვის არაფრისმომცემია კოოპერატივი.

ვფიქრობ, ბევრის მანიშნებელია ის ფაქტიც, რომ გამოითხულთა 80%-ს გაუგია და იცნობს სახელმწიფო პროგრამებს.  რომელთაგან ყველაზე ხშირად სახელდება:

  • „აწარმოე საქართველოში“,
  • „დანერგე მომავალი“,
  • იაფი აგრო-კრედიტი,
  • კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა.

თითქმის არავის დაუსახელებია „აგრო-დაზღვევის პროგრამა“, მაგრამ აშკარაა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა კარგად იცნობს მას. კითხვაზე, „იცით თუ არა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის შესახებ?“, პასუხები ასე გამოიყურება(იხ. დიაგრამა 4):

სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ცნობადობის შესახებ

დიაგრამა 4

მხოლოდ 9%-ია კმაყოფილი დაზღვევით. დანანრჩენები ან ვერ ინაზღაურებენ, ან იციან, რომ მეზობელმა ვერ აინაზღაურა, ან უბრალოდ თვლიან, რომ არ სჭირდებათ დაზღვევა.

ანალოგიური მდგომარეობაა პროექტის - „აწარმოე საქართველოში“, ირგვლივ. 44%-მა მიიღო მონაწილეობა და ვერ მოიპოვა დაფინანსება, 27%-მა „იცის რომ აზრი არ აქვს“ და ამიტომ არ შეაქვს პროექტი.  16% ფიქრობს, რომ „შეიძლება ცდა, მაგრამ არ სცალია ამ ეტაპზე“ და მხოლოდ 7%-ია კმაყოფილი აღნიშნული პროგრამით.

კვლევის ერთ-ერთი მიმართულება იყო ექსპორტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. კითხვაზე - „ხართ თუ არა დაინტერესებული ექსპორტით“, პასუხები ასე გადანაწილდა(იხ. დიაგრამა 5):

ექსპორტით კმაყოფილება

დიაგრამა 5 

დამაფიქრებელია, რომ ჩვენს რესპონდენტებში არ აღმოჩნდა არცერთი ექსპორტიორი, მეტიც-დაახლოებით 30% სხვადასხვა მიზეზით არაა დაინტერესებული ექსპორტით. 40%-ს სურს მისი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანა, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო ვერ ახერხებს ექსპორტირებას და მხოლოდ 30%-ი აცხადებს, რომ დაინტერესებულია და ემზადება საექსპორტოდ.

მათთვის, ვინც დაინტერესებულია და ვერ ახერხებს პროდუქციის ექსპორტირებას, ხელისშემშლელი ფაქტორები ასეთია (იხ. დიაგრამა 6):

ექსპორტის ხელშემშლელი ფაქტორები

დიაგრამა 6 

დასკვნა და რეკომენდაციები

  • იმის მიუხედავად, რომ დადებითი ტენდენციები თვალსაჩინოა, სახელმწიფო პროგრამებმა ვერ მიაღწია საყოველთაოობის იმ მიზანს, რისთვისაც იყო შექმნილი.
  • სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარების ძალიან დიდი უმრავლესობა ან დედაქალაქის მუდმივი მაცხოვრებელია, ან უკვე წარმატებული ფერმერი.
  • მნიშვნელოვნად დიდია იმ კომპანიების/ფერმერების რიცხვი, რომლებმაც ისარგებლეს მხარდამჭერი პროგრამებით და მისი დასრულებისთანავე დატოვეს ბაზარი.
  •  ძალიან სუსტია კომუნიკაცია რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან, შედეგად დღეს მცირე და საშუალო ფერმერები არ არიან მზად ჩაერთონ და ეფექტიანად გამოიყენონ სახელმწიფო ინიციატივები.
  •  ძალიან არაეფექტიანია აგრო-დაზღვევა (ხშირია კორუფციის შემთხვევები)
  • სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს. მაგალითად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მოითხოვს ამხანაგობად დარეგისტრირებას, რომელიც სხვა პროგრამისთვის შემდეგ არ არის მისაღები.
  • ყველა ქვედარგში არის ინდივიდუალური პრობლემები, რაც წარმოების ეფექტიანობას მკვეთრად ამცირებს და მოითხოვს დამატებით რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან.
  •  ძალიან ნელი ტემპით ვითარდება გადამამუშავებელი, სამაცივრე, სასაწყობე მეურნეობები (ამჟამად ყველა პროგრამა ამ მიმართულებით შეჩერებულია).
  • საჭიროა დამატებითი მხარდაჭერა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
  • დარგში სპეციალისტების სერიოზული დეფიციტია.
  • გარემოს დაბინძურებით საფრთხე ექმნება მიღებული პროდუქციის ხარისხს, რაც შემდგომ გასაყიდ ფასსა და მიზნობრივ ბაზრებზე მოქმედებს.
  • მნიშვნელოვან პრობლემად რჩება გასაღების ბაზარი და ცვალებადი ფასები .
  • ფერმერები თვლიან, რომ გადასახადებიც ძალიან მძიმე ტვირთია მათთვის (არა მარტო მოგების და საშემოსავლო, არამედ მიწის, წყლის და ა.შ.).
  • ვერ ახერხებენ ქსელური მარკეტებში პროდუქციის შეტანას, ისევ საგადასახადო დაბეგვრის და დამატებითი საბანკო გარანტიების საჭიროების გამო.

დარგის ეფექტიანობის გაზრდა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება არსებითად მასშტაბის ეფექტითაა შესაძლებელი და ამისათვის საჭიროა ისედაც მცირე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სრულად ჩაერთოს წარმოებაში. ამიტომ, ვფიქრობთ, გასაუმჯობესებელია კომუნიკაცია წვრილ და საშუალო ფერმერებთან, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებსა და აგრო-მწარმოებლებთან. იმისთვის, რომ ეს ადამიანები მასობრივად ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში. ამისთვის, ჩვენი აზრით, საჭიროა:

  • მეტი ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე.
  • არა ზოგადი ტრენინგები ბიზნესგეგმის წერის ტექნიკაზე, არამედ რეალურად „საქმეში ჩახედული“ კონსულტანტები, რათა დაეხმარონ მათ იურიდიული ფორმის შერჩევაში, წარმოების დაგეგმვაში(აგრარული კონსულტანტი) და სხვა.
  • სათანადოდ უნიფიცირებული და ფერმერის ინტერესებზე მორგებული პორგრამები.
  •  მკვეთრად განსაზღვრული სტრატეგია სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების შესახებ, რომელიც არ შეიცვლება წელიწადში რამდენჯერმე.

საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული აგრარული პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს:

  •  გარემოს დაცვით ღონისძიებებს და პროდუქციის ხარისხის კონტროლის მაღალ სტანდარტებს.
  • საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ მაინც უნდა გავიმეოროთ - აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა მელიორაციის და აგრო-სპეციალისტების პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენს კვლევაშიც ყველზე დასახელებადი და მნიშვნელოვანი პრობლემები იყო: აგრო-ტექნიკა, მელიორაცია და სპეციალისტების არ არსებობა.
  • აუცილებელია ფერმერები დავარწმუნოთ კოოპერირების სარგებლიანობაში და აგრეთვე დასახვეწია გაერთიანებების ფორმები და საშუალებები.

მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ისეთ მზარდ ბაზარზე შესვლა, როგორიცაა ბიოლოგიურად სუფთა, მზარდ აგრო-პროდუქტების ბაზარზე. ამისთვის საჭიროა:

  •  ბიო-წარმოება გამოხადდეს პრიორიტეტად,
  •  მოხდეს ბიო-სერტიფიკატის მოპოვების სრული დაფინანსება,
  •  მოხდეს ფერმერებთან ამ საკითხის მასობრივი პოპულარიზება,
  •  სერტიფიცირებულ ბიო-მეურნეებს მიენიჭოთ ეროვნული განსმასხვავებელი ნიშანი(ლოგო),
  • აუცილებელია შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების მოხმარების კონტროლი,
  • ჩამოყალიბდეს კლასტერული ტიპის გაერთიანება, რომელიც იზრუნებს ხარისხიანი პროდუქციის მოძიებასა და საზღვარგარეთ ექსპორტირებისათვის საჭირო პროცედურებში დახმარებაზე.
  •  საჭიროა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები გარემოს დაცვის კუთხით (განსაკუთრებით პრობლემურია სარწყავი წყლის დაბინძურების საკითხი);
  • მოხდეს ორგანული მწარმოებლების წახალისება. მწარმოებელი ყოველთვის მოწადინებულია, მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი და საკუთარი შრომით ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა. უარს არც საკანონმდებლო დონეზე დაცვისგან იტყვის, თუ მის კონკურენტებს ხელოვნურად შეზღუდავენ, მაგრამ თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, მომხმარებელთა ინტერესები და საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები პირიქით, ფართო და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების გატარების აუცილებლობის წინაშე აყენებს მთავრობას. თუმცა, ევროპის აგრარული პოლიტიკის განვითარების ისტორია ადასტურებს, რომ საწყის ეტაპზე გარკვეული სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე რეცესირებული დარგის განვითარების და საბაზრო, კონკურენტუნარიან მწარმოებლად გარდაქმნის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არ არსებობს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია იმ "ოქროს შუალედის" პოვნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ადგილობრივი წარმოების სტიმულირება და ფერმერთა ინტერესების დაცვა საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით და უცხოელ პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად.
  • ნებისმიერი ეკონომიკისათვის აგრო-წარმოების განვითარება უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ექსპორტის სტიმულირებისა და უარყოფითი საერთაშორისო სავაჭრო ბალანსის დაძლევისათვის, ვფიქრობთ, აუცილებელია, მოხდეს არამხოლოდ ნედლეულის, არამედ უკვე გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტირება. ნედლეულის არსებობა თავისთავად ქმნის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებისათვის საჭირო ნიადაგს, მაგრამ საწყის ეტაპზე აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ნედლეულის ფასი: მწარმოებელს სურს იაფი ნედლეულის მოპოვება, ფერმერს კი ისეთი შემოსავლის მიღება, რომ ღირსეულად ცხოვრება შეძლოს... სწორედ ამ შემთხვევაშია აუცილებელია სახელმწიფო სუბსიდირება, გონივრულ მინიმუმამდე თანხის შევსება. ეს, ერთი მხრივ, გამოიწვევს წარმოების მოცულობის გაზრდას და მეორე მხრივ, ფერმერების სტიმულირებას წარმოების გაფართოებისა და თვითღირებულების შემცირებისაკენ.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილის განხორციელება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, გამოიწვევს დარგში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების მკვეთრ ინტენსიფიკაციას. ექსპორტის სტიმულირებისათვის აუცილებელია სახელმწიფო დაეხმაროს კერძო სექტორს წმინდა მარკეტინგული კუთხითაც და მის ხელთ არსებული ყველა არხის და რესურსის გამოყენებით მოახდინოს საქართველოს, როგორც მაღალხარისხიანი აგრარული პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იქნება საექსპორტო პროდუქციის ხარისხის მკაცრი კონტროლი და ადგილწარმოშობის ფალსიფიკაციისაგან კომპანიების დაცვა. საბოლოოდ კი, ეს ღონისძიებები გამოიწვევს აგრარული სექტორის სწრაფ განვითარებას, ფერმერთა ჩართულობის ამაღლებას და მკვეთრად გაზრდის რეგიონში მცხოვრებთა შემოსავლებს, რაც შეამცირებს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვს და გამოათავისუფლებს საბიუჯეტო სახსრებს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად სტიმულირებისათვის.

ლიტერატურა:

  • ხარაიშვილი ე. ღვინის ბაზარი და მევენახეობა-მეღვინეობის დივერსიფიკაციის კონკურენტული მოდელები საქართველოში.  გამომცემლობა `“უნივერსალი“, თბილისი, 2017 ISBN 978-9941-26-082-7.
  • ხარაიშვილი ე. კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის პრობლემები საქართველოს აგროსასურსათო სექტორში. გამომცემლობა `“უნივერსალი“, თბილისი 2011.
  • ხარაიშვილი ე.  მამარდაშვილი ფ. საქართველოს აგრარული პროდუქტების კონკურენტუნაროანობის შეფასება, ჟურნალი ,,ეკონომიკა» , მაისი, 2009.
  • მეწარმის სამაგიდო წიგნი, მეწარმეობის მხარდამჭერი საერთაშორისო ცენტრი, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კვლევა, თბილისი, 2008.
  • განვითარების სტრატეგიები“  
  • https://www.researchgate.net/profile/Eteri_Kharaishvili/publication/301204785_Competitive_Ability_of_ Georgian Hazelnut_and_Strategies_of_Production_Ability/links/570c950a08ae8883a1fff126/Competitive-Ability-of-Georgian-Hazelnut-and-Strategies-of-Production-Ability
  • The Ways of Increasing Profitability and Competitiveness of Farming in The Caucasus Region on Example of Georgia Republic
  • http://www.globalacademicinstitute.com/wp-content/uploads/2017-prague-conference-proceedings.pdf
  • Nino Rukhaia-Mosemgvdlishvili. "How to sell"-Opportunity for small farmers to global market. International          Academic Conference on Management, Economics, Business and Marketing, Vienna, Austria. 
  • https://books.google.ge/booksd=K4M_DwAAQBAJ&printsec=frontcover&dq=iac+proceedings+2017&hl=

            ka&sa=X&ved=0ahUKEwjenrDOwfzeAhVDYVAKHdzwAYYQ6AEISzAF#v=onepage&q=

            iac%20proceedings%202017&f=false